მეთოდები



განათლების თანამედროვე ტექნოლოგიები
                                                                                                                         
   სიმონ ჯანაშია

სოკრატული მეთოდი
სწავლების დროს სოკრატული მეთოდის გამოყენების დროს მასწავლებელი სვამს მხოლოდ პრობლემურ (და არა ინფორმაციულ) კითხვებს (მაგ., რას ფიქრობთ ამაზე? რა განმარტებები გვჭირდება ამისთვის?), არ აწოდებს არანაირ ინფორმაციას მოსწავლეებს. ამ დროს მასწავლებელი განიხილავს გამონაკლისებს და მარტივ იდეას ეჭვქვეშ აყენებს. იგი არ აძლევს მოსწავლეებს ინფორმაციას, არამედ მათ სთხოვს აზროვნებას, რათა ისინი დამოუკიდებლად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე. სოკრატული მეთოდის გამოყენება შესაძლებელია დისკუსიით, დებატებით, პრობლემური კითხვების დასმით და სხვა. ზოგჯერ მასწავლებელს მოჰყავს ფაქტები მოსწავლეთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საწინააღმდეგოდ, მაგრამ არ აფიქსირებს საკუთარ პოზიციას, ხელს უწყობს იმ პასუხების ეჭვქვეშ დაყენებას, რომელთაც გვაძლევენ სხვადასხვა ავტორიტეტები და სხვა. მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს დასმულ პრობლემასთან დაკავშირებით, თამამად თხზავენ ჰიპოთეზებს და ვერსიებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:
1.      მასწავლებელი სვამს პრობლემურ შეკითხვებს, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
2.      მასწავლებელს მოჰყავს დამხმარე და საწინააღმდეგო მაგალითები მოცემული მოვლენის საილუსტრაციოდ;
3.      მასწავლებელი კრიტიკულად განიხილავს მოსწავლის არგუმენტებს;
4.      მასწავლებელი ხელს უწყობს კლასის დისკუსიაში ჩაბმას;
5.      მასწავლებელი ახალისებს საკუთარი და სხვების აზრების კრიტიკული შეფასების უნარის განვითარებას;
6.      მასწავლებელი მოსწავლეს სთხოვს, ფაქტებისა და ცნებების ანალიზს, მასალაში მოცემული ფარული არსის გაგებას და ა. შ.
7.      მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ დააკავშიროს სხვადასხვა წყაროდან მიღებული ცოდნა, სხვადასხვა ელემენტისაგან შექმნას ახალი სტრუქტურა;
8.      მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ გამოიტანოს დასკვნა (გააკეთოს შეფასება) საკუთარ არგუმენტაციაზე დაყრდნობით.

დიდაქტიკური მეთოდი
სწავლების დროს დიდაქტიკური მეთოდის გამოყენების დროს ხდება ინფორმაციის მიწოდება დიალოგის ფორმით. მიზანი შეიძლება იყოს სხვადასხვა: მოსწავლეების ინფორმირება, მათი ცოდნის გამომჟღავნება და დახვეწა. დიდაქტიკური მეთოდით მიწოდებული ინფორმაცია უნდა იყოს ნათელი და პასუხობდეს შემდეგ კითხვებს: რა, რატომ და სად? ამ დროს მოსწავლისთვის ნათელია სასწავლო მიზნები, მან იცის, როდის ითვლება მიზანი მიღწეულად. მასწავლებელს ცნების ასახსნელად მოჰყავს მაგალითები, ამყარებს კავშირს ახალ და ძველ ცნებებს შორის. ინფორმაციის გაცვლის პროცესში მოსწავლე და მასწავლებელი - ორივე მონაწილეობს და ერთად აგებს ახალ ცოდნას. ქვემოთ მოყვანილია ამ მეთოდის გამოყენების მაგალითები გაკვეთილზე:
·         მასწავლებელი ხაზს უსვამს იმას, რაც, მისი აზრით, მნიშვნელოვანია მოცემულ მასალაში (ან გაკვეთილზე);
·         მასწავლებელი გადასცემს ინფორმაციას, რათა წაახალისოს მოსწავლეთა აზროვნება მოცემულ საკითხებზე;
·         მასწავლებელი, საკუთარი მოსაზრებების გარდა, განიხილავს სხვების მოსაზრებებსაც;
·         მასწავლებელს მოჰყავს მრავალი მაგალითი ახალი ცნების ახსნისას;
·         მასწავლებელი იყენებს შესაბამის საკლასო აქტივობებს (სადემონსტრაციო ექსპერიმენტი, სახელმძღვანელოსა ან დამატებითი მასალების გამოყენება), რომ მოსწავლეებმა ისწავლონ / განიმტკიცონ ახსნილი მასალა;
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეებს, რომ გაიხსენონ გაკვეთილის მთავარი საკითხები, ფაქტები, მოვლენები;
·         მასწავლებელი სთხოვს მოსწავლეს, რომ თავისი სიტყვებით გადმოსცეს წაკითხული ან მოსმენილი ინფორმაცია.

კეთებით სწავლება
კეთებით სწავლების ანუ პრაქტიკის მეთოდის გამოყენების დროს ხდება ზუსტი ინსტრუქციის მიწოდება ექსპერიმენტის ან სიმულაციისთვის და არა ინფორმაციის მიწოდება. იგი მიზნად ისახავს, რომ მოსწავლეებმა შეასრულონ ისეთი ქმედებები, რომელიც ხელს უწყობს ცოდნის ან ჩვევის ფორმირებას. პრაქტიკის დროს მასწავლებელი აქტიურად იყენებს გამოხმაურებას (უკუკავშირს), რაც ხელს უწყობს იმას, რომ მოსწავლის პრაქტიკა იყოს აზრიანი და მან მართლაც გააცნობიეროს ის, რასაც აკეთებს და არა ავტომატურად (მექანიკურად) გაიმეოროს. ამგვარი სწავლება მხოლოდ სათანადო გამოხმაურების შემთხვევაში გვაძლევს მნიშვნელოვან ეფექტს. მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა შესთავაზოს აქტივობის სქემა ან მოდელი, სადაც მიღწევის დონეები ნათლად არის მოცემული და მოსწავლეს შეუძლია განსაზღვროს, თუ რას მოელიან მისგან და როგორ ფასდება მისი წარმატება, ანუ რა არის ეფექტური ”კეთება” და მიზნის მიღწევა. ამრიგად, პრაქტიკის მთავარი პრინციპებია: მოსწავლეებისთვის პრაქტიკული დავალების მიცემა, მათი წახალისება, სათანადო გამოხმაურების მიწოდება, რათა მათ აზრიანად იმოქმედონ.

No comments:

Post a Comment